ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


ქართველოლოგიის VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“
15-24 ივლისი, 2021

2021 წლის 15 ივლისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა ქართველოლოგიის VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“, რომელიც ხორციელდება ლუვენის უნივერსიტეტთან (ბელგია) თანამშრომლობით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

სკოლის მიზანია ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია, ქართული ხალნაწერის მნიშვნელობის აქცენტირება, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება; კორნელი კეკელიძის, ილია აბულაძის, ელენე მეტრეველის მიერ დამკვიდრებული ქართველოლოგიური სამეცნიერო ტრადიციების გაგრძელება.

ქართველოლოგიის საერთაშორისო სკოლა გათვალისწინებულია ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლით დაინტერესებული უცხოელი და ქართველი მკვლევარებისთვის.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს აქვს ქართველოლოგიის საზაფხულო და ზამთრის სკოლების ჩატარების მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება.  ცენტრის სტატუსი, მისი ავტორიტეტი და სკოლის თემატიკა განაპირობებს სკოლის მიმართ დიდ ინტერესსა და სკოლაში მონაწილეობის მსურველთა აქტივობას. VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების მიზნით შემოვიდა 80-მდე სააპლიკაციო განაცხადი მსოფლიოს 14 ქვეყნიდან. შეირჩა 12 მონაწილე, რომლებიც შემდეგ ქვეყნებს წარმოადგენენ: საქართველო, აშშ, ბელგია, დანია, თურქეთი, ლიტვა საბერძნეთი, საფრანგეთი, სომხეთი.

სკოლის სამუშაო პროგრამა დატვირთული და მრავალფეროვანი იყო ხუთი სასწავლო მოდულის მიხედვით (1. ქართული დამწერლობა; 2. ქართული ხელნაწერი წიგნი; 3. ქართული ისტორიული დოკუმენტი; 4. ქართული ძველნაბეჭდი წიგნი ; 5. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) დაგეგმილია 23 ლექცია, მათ შორის, გასვლითი (ბოლნისი, ურბნისიი, ატენის სიონი და სხვ.), სამი ვორქშოფი, ინტერაქტიული პროგრამა, გამოფენა. სასწავლო მოდულების შინაარსი მოიცავს ხელნაწერთმცოდნეობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა ძირითად სფეროს. 

სკოლის მსმენელებს კვლევების შედეგებსა და მეთოდოლოგია გაუზიარეს ცენტრის წამყვამა მეცნიერებმა, რომლებიც ათეული წლების მანძილზე სწავლობენ ცენტრში დაცულ ხელნაწერებს, ისტორიულ დოკუმენტებს, საარქივო მასალას. სკოლის აკადემიური პერსონალი აერთიანებს მეცნიერთა სამ თაობას, რაც ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევაში დაგროვილი ცოდნის უწყვეტობის გარანტიას წარმოადგენს. სკოლაში ლექციების წასაკითხად, ასევე,  მოწვეულნი არიან უცხოელი მკვლევარები.

საზაფხულო სკოლა განიხიელება როგორც პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველ და უცხოელ მეცნიერთა თანამშრომლობის განვითარებას, საუკეთესო სამეცნიერო იდეების გენერირებას მომავალი ერთობლივი საერთაშორისო კვლევებისთვის.

სკოლა ჩატარდა ჰიბრიდული ფორმით, როგორც ფიზიკური დასწრების რეჟიმში, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით დადგენილი რეგულაციებისა და სანიტარული ნორმების მკაცრი დაცვით. ასევე, იმ მონაწილეებისათვის, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლებენ სკოლის მუშაობაში ფიზიკურ რეჟიმში ჩართვას, გათვალისწინებულია ონლაინ დასწრება Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით. 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის  საერთაშორისო სკოლის მუშაობის პერიოდია 2021 წლის 15-24 ივლისი.